ჯენი ერპენბეკის- ,,კაიროსი”
მოკლე აღწერა
ჯენი ერპენბეკის რომანი „კაიროსი“ თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელმაც 2024 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა.
ტექსტი ადამიანის პირად ტრაგედიას წარმოაჩენს არა როგორც იზოლირებულ გამოცდილებას, არამედ როგორც ბნელი იდეოლოგიის ორგანულ ნაწილს. ავტორი ოსტატურად გვაჩვენებს, როგორ გარდაიქმნება ინტიმური ურთიერთობები ტოტალიტარული მმართველობის მოდელად, სადაც ყველაზე პირადი განცდებიც კი „შტაზისთვის“ დამახასიათებელი მექანიზმით იმართება.
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალისა და შუა ასაკს მიტანებული კაცის რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც 80-იანი წლების აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როდესაც გდრ თავისი არსებობის ბოლო წლებს ითვლის; პერიოდი, როცა „კომუნისტური სამოთხის“ რწმენა დასავლური მაღაზიების დახლებთან დგომის სურვილმა ჩაანაცვლა და სადაც სისტემის მიმართ ერთგულება მხოლოდ ფორმალურ ვალდებულებად იქცა.
ავტორი პერსონაჟებს „ქირურგიულ ინსტრუმენტად“ იყენებს და ზუსტი ჭრილით აშიშვლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის არსებულ ნაპრალებს. ჰანსი აღმოსავლეთ გერმანიის მძიმე ისტორიული გამოცდილების მატარებელია, ნაცისტური ბავშვობიდან კომუნისტურ სიმწიფემდე, კატარინა კი იმ გარდამავალი ეპოქის სიმბოლოა, რომელსაც ბერლინის კედლის დანგრევა და გაერთიანებული გერმანიის დაბადება მოჰყვა.
ჰანსი, ორუელის ო’ბრაიენის მსგავსად, ინტელექტუალური ტერორის ცოცხალი მაგალითია. ისევე, როგორც თითქმის ყველა ბნელი იდეოლოგია, ურთიერთობას ისიც „მაღალი ზნეობრივი იდეების“ დემონსტრაციით იწყებს; ბევრს საუბრობს ბახზე, მოცარტსა და შუბერტზე, მოჰყავს მაგალითები თომას მანიდან, თუმცა დასავლურ ხელოვნებას „ცარიელს“ უწოდებს. მისი ერუდიცია ტიპიური გდრ-ის ელიტის ინტელექტუალის სახეს ვერ სცილდება, სადაც ცოდნა ყოველთვის მანიპულაციის იარაღი იყო, ისტორიული მეხსიერება კი სოციალური იდეოლოგიის მსახური.
მასთან მანიდან მოცარტამდე დაგროვილი ღირებულებები ჰუმანურ მისიას კარგავს და წარმატებული მანიპულაციის გარანტად იქცევა. ერპენბეკი მკაცრი ვერდიქტის ნაცვლად არჩევანს გვიტოვებს, სადაც მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს: ვინ არის სინამდვილეში ჰანსი, სისტემის მსხვერპლი თუ ტიპიური მოძალადე?!
პასუხი აშკარა ხდება, როცა ავტორი მის შინაგან ტყვეობას გვაჩვენებს: „მას არასოდეს უსწავლია, როგორ ყოფილიყო თავისუფალი. მისი მთელი ბავშვობა იყო მორჩილება ერთი ფორმის მიმართ, ხოლო სიმწიფე — მეორე ფორმის მიმართ. მას ეშინოდა, რომ თუ კონტროლს დაკარგავდა, თუ კედლები დაინგრეოდა, ის უბრალოდ გაიფანტებოდა ჰაერში, როგორც ფერფლი იმ ომიდან, რომელიც მის მეხსიერებაში არასოდეს დასრულებულა“.
ეს პასაჟი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ირონიულია ცხოვრება: ზოგი დიქტატურას მთელი ქვეყნის მასშტაბით ამყარებს, ზოგი კი პირად ურთიერთობებში კომპრომატებს აგროვებს. ალბათ, როცა თავისუფლება არასდროს გქონია და არ იცი საკუთარი ხმის ძალა, ამ დროს სულ მცირე ძალაუფლებაც კი დაუძლეველ ცდუნებად იქცევა. მართალი იყო ლიოსა: ძალაუფლება ადამიანისთვის გამოცდაა, რომელსაც ყველა ვერ აბარებს.
ჯენი ერპენბეკი, ტირანიიდან თავისუფლებამდე, არა მხოლოდ ბნელი იდეოლოგიის სახეს გვიხატავს, არამედ გენიალურად აჯამებს ინდივიდების ტრანსფორმაციის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას. იგი სიღრმისეულად გვაჩვენებს, რა ხდება „ვაცის სიკვდილის“ შემდეგ — მაშინ, როცა ბერლინის კედელი აღარ არის, მაგრამ ადამიანები ისევ მონობაში რჩებიან: ტირანიის მონობიდან ინდუსტრიულ მონობამდე.
ჩემი აზრით, როგორც მარკესის პატრიარქისთვის იყო წარმოუდგენელი არსებობა საკუთარი ტირანიის „შემოდგომის“ მიღმა, ისე კატარინასთვისაც დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ კედლის იქეთ არსებობდა სივრცე, სადაც ჰანსის დამამცირებელი „წვრთნის“ გარეშეც ექნებოდა პიროვნული წონა. მას გაუჭირდა დაეჯერებინა, რომ თავისუფლება შესაძლებლობების არენაა და არა თავსდამტყდარი უბედურება, რომელიც ადამიანებს რეალობის პირისპირ სრულიად გამოუცდელს ტოვებს.
ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“ მხოლოდ ადამიანური სისუსტეების ანატომია კი არა, ღრმა ისტორიულ-პოლიტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს ეპოქის ტრაგიზმში ახედებს. ავტორის გამორჩეული, ზუსტი და პირდაპირი სამწერლო ხელწერა საოცრად პასუხობს ტექსტის შინაარსობრივ სიმძიმეს.
აშკარაა, რომ ერპენბეკის პირადმა გამოცდილებამ, აღმოსავლეთ ბერლინში გატარებულმა წლებმა, განაპირობა ტექსტის ისტორიული სიზუსტით გადმოცემის უნარი. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მწერლის საოპერო რეჟისორობის გამოცდილება, რომელიც ტექსტს ისე კრავს და ისეთ რიტმს სძენს, რომ მკითხველს „კაიროსის“ კითხვისას მრავალშრიან მუსიკალურ დრამას მოაგონებს.
ეს არის წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობაზე; წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ რეჟიმი ყველას ეხება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. იგი შეგვახსენებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას როგორც პირად, ისე ისტორიულ ტრაგედიებში. ეს არის ამბავი სისტემაზე, რომლისთვისაც არაფერია წმინდა, სადაც ყველაზე პირადულიც კი პოლიტიკურ რეგისტრში ითარგმნება!
და ბოლოს, როცა სამყაროში ყველაფერი პოლიტიკურად ლაგდება, აპოლიტიკურობა დანაშაულია, სწორ მხარეზე დგომა კი ვალდებულება!
ნუ გაატან ქარს შენს „კაიროსს“, იმ ერთადერთ წამს, სიცოცხლეს შესაძლებელს რომ ხდის; ნუ დათმობ საკუთარ თავს იქ, სადაც არჩევანი მხოლოდ მსხვერპლად ყოფნასა და ძალადობას შორისაა!
4.22